საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში ეროვნულმა კოორდინატორმა – ნათია ღვინაშვილმა, საჯარო დისკუსიაში „ფემიციდი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი გამოვლინება – მიზეზები და პრევენციის გზები“ მიიღო მონაწილეობა.
ფონდის – ,,სოხუმი’’ მიერ ორგანიზებული ონლაინ შეხვედრა, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საჯარო და არასამთავრობო სექტორის, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ, რამდენიმე სესიად დაიყო.
საჯარო დისკუსიის პირველი ნაწილი, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მწვავე გამოვლინებებზე და ფემიციდის პრევენციის მიმართულებით, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების მიდგომებზე, არსებულ გამოწვევებსა და პრაქტიკაზე მსჯელობას დაეთმო.
ნათია ღვინაშვილმა, მოხსენებისას, მუნიციპალიტეტებში გენდერული მეინსტრიმინგისა და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის ეფექტიანობის გაძლიერების მიმართულებით, ათეა-ს როლზე გაამახვილა ყურადღება და დამსწრე საზოგადოებას, ასოციაციის სამომავლო გეგმები გააცნო.
„ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისა და მეინსტრიმინიგის გაძლიერება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ წევრ მუნიციპალიტეტებთან. აღსანიშნავია, რომ არსებულ გამოწვევებს შორის, კვლავ დგას სტერეოტიპული მიდგომებით გაჯერებული დამოკიდებულება, როგორც თავად ძალადობის, ისე ძალადობის მსხვერპლთა მიმართ, რომელსაც როგორც ჩანს, ძალიან ღრმად აქვს ფესვები გადგმული ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თითოეულმა აქტორმა, რომლებიც ჩართულნი ვართ ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, ძალადობის რისკების შემცირებისა და ასევე, მასზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ჰოლისტიკური და მულტიდისციპლინური მიდგომით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ყველა რგოლის დროულ და ეფექტიან რეაგირებას, ასევე, უწყებათა კოორდინირებულ მუშაობასა და საკანონმდებლო ბაზის დახვეწას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენთვის მუნიციპალიტეტების მიერ მონიჭებული მანდატის ფარგლებში, ვგეგმავთ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას შესაბამის უწყებებსა და სამოქალაქო სექტორთან და მოგვცემს საშუალებას, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ ისეთი მექანიზმები თუ ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ძალადობის პრევენციასა და მის აღმოფხვრას’’ , – განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.
დღესვე, საჯარო დისკუსიის მონაწილეები, ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის არსებულ სტატისტიკას გაეცნენ და მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული სტრუქტურული ბარიერები და გამოწვევები განიხილეს.
Add comment