ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR), 2023-2025 წლებისთვის, პარტნიორ ასოციაციებს, სხვადასხვა მიმართულებებზე სპიკერთა კანდიდატების წარდგენას სთავაზობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), მოუწოდებს წევრ მუნიციპალიტეტებს, წარმოადგინონ სპიკერთა კანდიდატურები ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც პირველ რიგში ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნას გულისხმობს.
CEMR-ი მუნიციპალიტეტებს ისეთ მიმართულებებში ჩართულობას სთავაზობს, როგორებიცაა:
– მდგრადი განვითარების მიზნები,
– დემოკრატია და მმართველობა,
– მიგრაცია და ინტეგრაცია,
– გენდერული თანასწორობა,
– ადგილობრივი ფინანსები,
– მობილურობა და ტრანსპორტი,
– ურბანული განვითარება,
– სოფლის განვითარება,
– ინკლუზიური საზოგადოება,
– საჯარო სერვისები,
– აღმსრულებელი და რეგიონული ხელისუფლება – დამსაქმებელი,
– გარემოს დაცვა,
– ენერგოეფექტურობა
– კლიმატის ცვლილებები.
შერჩეულმა დელეგატებმა, პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინონ მოკლე ბიოგრაფია და ორწუთიანი ვიდეო ჩანაწერი ინგლისურ ენაზე, რომელიც მათი მოტივაციისა და არჩეული თემის შესახებ მსჯელობას დაეთმობა.
კანდიდატების შერჩევისა და CEMR-ის მიერ მათი საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, დელეგატებს საშუალება ექნებათ აქტიურად ჩაერთონ CEMR/PLATFORMA-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამართულ მაღალი დონის ღონისძიებებში, მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტიურ დისკუსიებში, მოდერაცია გაუწიონ შეხვედრებს, ევროპელ კოლეგებთან ერთად იმსჯელონ სხვადასხვა თემებზე და გაცვალონ გამოცდილებები, ასევე, წარმოაჩინონ და დაიცვან საკუთარი ქვეყნის ინტერესები.
CEMR -ში კანდიდატების წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 28 ოქტომბრამდეა განსაზღვრული.
ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ ასოციაცია (NALAG), ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს 2010 წლიდან შეუერთდა და სწორედ მისი ეგიდით ხდება ქართული დელეგაციის წარდგენა აღნიშნულ ევროპულ გაერთიანებაში.
Add comment