საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში ეროვნულმა კოორდინატორმა- ნათია ღვინაშვილმა, CEMR-ის მიერ ორგანიზებულ ტრენერთა ტრენინგში მიიღო მონაწილეობა, სადაც გენდერული თანასწორობის ევროპული ქარტიის ადვოკატირებისა და მისი პრინციპების განხორციელების მიმართულებით, ასევე, ეროვნული კოორდინატორების გაძლიერების მიზნით, რეკომენდაციები იქნა წარმოდგენილი.
შეხვედრაზე, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა, მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშებიც განიხილეს და მონაწილეებისგან წევრი ქვეყნების თვითმმართველ ერთეულებში არსებული საჭიროებები მოისმინეს.
ნათია ღვინაშვილმა, მიმართვისას, მოკლედ მიმოიხილა ათეას მიერ წევრ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებები და ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესს, რომელიც მისივე განცხადებით, თანასწორობის ქარტიის პრინციპებთანაა ჰარმონიზებული და სრულად პასუხობს ამავე ქარტიით განსაზღვრულ დებულებებს.
,,როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ასოციაცია, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women Georgia) და უკვე გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, აქტიურად მართავს შეხვედრებს სამიზნე აუდიტორიასთან და ეხმარება მათ აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში. რაც შეეხება ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტების საქმიანობას, ვფიქრობ, აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების გატარება, რაც საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ახლად არჩეულ პირებს, ქარტიის იმპლემენტაციის ნაწილში, შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება“ – განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.
აღნიშნული ტრენინგი, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ორგანიზებით, ბრიუსელში გამართული ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მოეწყო, რომელიც წევრ ქვეყნებში სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის მექანიზმებსა და CEMR-ის 2023-2024 წლის სამოქმედო გეგმაში შესატან პრიორიტეტებზე მსჯელობას დაეთმო.
Add comment