საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ – ნათია ღვინაშვილმა ქუთაისში გამართულ ორდღიან საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში ,,ოქროს საწმისის ძიებაში’’ მიიღო მონაწილეობა.
ნათია ღვინაშვილმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს ფორუმის გამართვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიებები საგრძნობლად შეუწყობს ხელს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ მთელს რეგიონში.
ათეა-ს წარმომადგენელმა ევროკავშირის ინიციატივის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნულ ინიციატივაზეც ისაუბრა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ჭრილში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ მოხსენება გააკეთა.
ნათია ღვინაშვილმა ფორუმის მონაწილეებს ასევე ორგანიზაციის საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია და დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის პრეზიდენტის – კახა კალაძის მხარდაჭერითა და ვიცე პრეზიდენტის – თამარ ტალიაშვილის ძალისხმევით შექმნილი გენდერული პლატფორმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ათეა ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მორგებული იქნება მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე. მისივე თქმით, ორგანიზაცია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს გენდერული მიმართულებით ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას.
ნათია ღვინაშვილმა საერთაშორისო ვალდებულებებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ 2010 წლიდან ასოციაცია ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) წევრია, რომელიც უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს.
„ ჩვენი მიზანია დავიცვათ ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების გზაზე, ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, 2015 წელს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ასოციაციის ორგანიზებით, გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. პირველად ქართულ ენაზე ითარგმნა ევროპული ქარტია ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“, რომელსაც მიმდინარე წელს ქართული მუნიციპალიტეტებიც მოაწერენ ხელს“.
პირველ საერთაშორისო ფორუმს ,,ოქროს საწმისის ძიებაში“, რომელიც გუშინ ქუთაისის მერმა – გიორგი ჭიღვარიამ გახსნა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილი დელეგაციის წევრები, ქართველი და უცხოელი ინვესტორები და მეწარმეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის ფარგლებშია ინიცირებული. მათივე განმარტებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ შემუშავდა, ქალაქში ეკონომიკური აქტივობისა და სამუშაო ადგილების გაზრდას ისახავს მიზნად.
Add comment