საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი – თამარ ტალიაშვილი ჰელსინკიში გამართულ ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს სხდომაზე გარემოსდაცვით საკითხებზე მოხსენებით წარსდგა.
თამარ ტალიაშვილმა დეცენტრალიზაციის რეფორმასა და გაეროს მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევაში ადგილობრივი ხელისუფლების როლს გაუსვა ხაზი და ურბანულ სივრცეში ეკოლოგიური გამოწვევების ეფექტიანი მართვის საშუალებად ,,ღია მმართველობის’’ ფორმატი დაასახელა.
ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა კონგრესის ბიუროს წევრებსა და მიწვეულ სტუმრებს მოქალაქეთა აქტიური ჩართულობითა და ეფექტიანი კომუნიკაციით გარემოსდაცვითი რეფორმის გატარების პრაქტიკა გააცნო, რამაც თამარ ტალიაშვილის განცხადებით დიდი ინტერესი გამოიწვია. აღნიშნული წინადადება სტრასბურგში დაგეგმილი სხდომის ფარგლებში განიხილება.
ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის, წარმოდგენილ იქნა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროსაბჭოში კონგრესის სამომავლო პერსპექტივებსა და როლს შეეხებოდა. ამავე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბიურო, ასევე, თურქეთსა და ალბანეთში დაგეგმილ არჩევნებში სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობის თაობაზეც იმსჯელებს.
ევროსაჭოს კონგრესის ბიუროს სხდომაზე მოხსენებით წარსდგნენ ფინეთის ადგილობრივი ხელისუფლების და საჯარო მართვის რეფორმის მინისტრი და ფინანსთა საკითხების სახელმწიფო მდივანი, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები.
Add comment