საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ასევე, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი – თამარ ტალიაშვილი, კონგრესის ქარტიის, ნორმებისა და პროცედურების საკითხებში, ამავე უწყების ბიუროს სხდომის მომხსენებლად აირჩიეს.
სხდომაზე, რომელიც პარიზში გაიმართა, თამარ ტალიაშვილმა, საერთაშორისო გამოწვევების განხილვისას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემაზე მსჯელობის საკითხი დააყენა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი – ტორბიორნ იაგლანდი, საქართველოს საკითხს კონგრესის პლენარულ სხდომაზე წარადგენს განსახილველად.
ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, გაეროს მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევაში ადგილობრივი ორგანოების როლზეც ისაუბრა და ღია მმართველობის ფორმატში ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის სპეციფიკის ეფექტურ განსაზღვრებასთან დაკავშირებით საკითხი წამოჭრა.
ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს შორის, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში დემოკრატიის მიმართულებაზე, ადგილობრივ ხელისუფლებათა პალატის 2019 წლის სამუშაო პროგრამასა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ევროპულ ქარტიაზე იმსჯელეს.
ამავე სხდომაზე, ბიუროს წევრებმა სამომავლო, რიგით 36-ე სხდომის დღის წესრიგიც განიხილეს.
Add comment