საქართვლოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, თბილისის მერმა – კახა კალაძემ ათეა-ს 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.
ასოციაციის პრეზიდენტმა ორგანიზაციის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის გაძლიერებისა და დახვეწის პროცესში ათეა-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
„15 წლის წინ ამ ორგანიზაციამ დაისახა საკმაოდ ამბიციური მიზანი – გაეერთიანებინა ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული და თვითმმართველობის სისტემის სრულყოფისა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მიმართულებით ემუშავა. ამ ორგანიზაციის ფუნქციონირებას თავიდანვე ხელი შეუწყო ევროპის საბჭომ და ევროკომისიამ, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. გარდა ამისა, პროცესში ჩართული იყო სხვა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციაც. დღეს შეიძლება ითქვას, რომ მათი მიზანი გამართლებულია. ამ ხნის განმავლობაში ასოციაციამ ევროპაში აღიარება მოიპოვა და ის ერთ-ერთ საუკეთესო ორგანიზაციად მიიჩნევა, რომელსაც ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.
სწორედ ამ ასოციაციის დამსახურებითა და ხელშეწყობით მიიღო თბილისმა, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის დედაქალაქმა, საუკეთესო მუნიციპალური განვითარებისა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის საბჭოს ბრწყინვალების ვარსკვლავი; „ათეა“ ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც ევროკომისიის საკონსულტაციო პლატფორმის წევრია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. აღნიშნულ პლატფორმაში გაწევრიანებულია ევროკავშირის ყველა ქვეყანა, საქართველოს კი სწორედ „ათეა“ წარმოადგენს. ორგანიზაციამ 25-მდე მსხვილი პროგრამა განახორციელა, რომელთა საერთო ბიუჯეტის პაკეტი, დაფუძნებიდან დღემდე, ოთხი მილიონი ევროა. რამდენიმე თვის წინ ასოციაციაში, გენდერული თანასწორობის პლატფორმის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომელიც ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნის მიზნით, ასოციაციამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელის“ პროექტის ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში 24-მა მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც გენდერული თანასწორობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და მოქალაქეთა ჩართულობის თემატიკაზე 35 პროექტი წარადგინა.
თბილისის მერმა თვითმმართველობებს სამომავალო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თვითმმართველ ერთეულს. მჯერა, რომ თვითმმართველობები ერთობლივი ძალებითა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერით, მოქალაქეებისთვის სათანადო სამსახურის გაწევასა და ქვეყნის განვითარებას შევძლებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
Add comment