საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას, რომელიც სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი“ მოეწყო, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დარგის აღიარებული ექსპერტები ესწრებოდნენ.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტთან – თამარ ტალიაშვილთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – მზია გიორგობიანმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ – ზაზა გაბუნიამ და ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა – ვინსენტ რეიმ და კრისტიან ურსემ.
ღონისძიების მონაწილეებმა საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული პროგრამის მეშვეობით საფუძველი ჩაეყარა უპრეცედენტო პლატფორმის შექმნას, სადაც მუნიციპალიტეტებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ წარმატებული პროექტები და საკუთარი კარგი პრაქტიკა სხვა მუნიციპალიტეტებს გაუზიარონ.
პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში გამართული საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენცია საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელების კუთხით ჩატარებული მნიშვნელოვანი პროექტების თუ პროგრამების, კარგი მაგალითების გაცნობას, გაზიარებასა და წახალისებას ისახავს მიზნად.
Add comment