საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი , თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და თბილისის ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი – თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
კენჭისყრაზე, რომელიც კონგრესის 35-ე სესიაზე გაიმართა, თამარ ტალიაშვილმა კონგრესის წევრების ხმათა უმრავლესობა მიიღო.
ამავე სესიაზე, რომელიც სტრასბურგში მიმდინარეობს, კონგრესის პრეზიდენტი და კომიტეტის თავმჯდომარეები 2 წლის ვადით იქნენ არჩეულნი.
თამარ ტალიაშვილთან ერთად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სხდომაში მონაწილეობას ასევე იღებენ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პირველი ვიცე პრეზიდენტი – გიორგი ტყემალაძე და ადგილობრივ თვითმმართველობათა პალატის წარმომადგენლები – ნინო ქავთარაძე და სევდია უგრეხელიძე.
ქართულ მხარეს კომიტეტების შეხვედრაზე ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი წარმოადგენს. მაია ცქიტიშვილი კონგრესის წევრებს სიტყვით მიმართავს და საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მიმართულებით ბოლო წლებში გატარებული რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე გააკეთებს მოხსენებას.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი, 47 წევრ ქვეყანაში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის გაძლიერებაზე და აღნიშნულ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ,,ევროპული ქარტიის’’ იმპლემენტაციის შედეგების შეფასებაზეა პასუხისმგებელი.
კონგრესი ევროპის მინისტრთა კომიტეტთან თანამშრომლობის გზით, ცენტრალურ, ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს შორის კონსულტაციებისა და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი პან-ევროპულ პოლიტიკურ კრებას წარმოადგენს, რომელიც 200 000-ზე მეტი ხელისუფლების 324 მუდმივ და 324 სათადარიგო წარმომადგენელს აერთიანებს.
Add comment