საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროპის კავშირის მხარდაჭერით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი – 2018“ იმართება.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოეწყო, საქართველოს პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წარმომადგენლები და ფორუმზე მიწვეული სტუმრები ესწრებიან.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პირველ ვიცე-პრეზიდენტთან – გიორგი ტყემალაძესთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ათეა-ს აღმასრულებელმა დიროექტორმა – დავით მელუამ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა – გიორგი ჩაკვეტაძემ.
გამომსვლელთა შორის ასევე იყვნენ ქუთაისის საკრებულოსა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები.
ღონისძიების მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტირების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობაზე, ასევე მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებზე ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში ფორუმის მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წელს დაფუძვნებული ფორუმი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდა დელეგატთა მონაწილეობით შექმნილი პლატფორმის გაძლიერებას, ბიუჯეტის პროექტის შეფასების კრიტერიუმების განხილვასა და 2019 წლის საფინანსო დოკუმენტის დაგეგმვის პროცესში მათი გამოცდილების გათვალისწინებას, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ხელშეწყობასა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ღონისძიება, რომელიც ,,ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში მოეწყო, თბილისის საკრებულოს ინიციატივითა და საქართველოს პარლამენტისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ხორციელდება.
,,ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული” ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის ყოველწლიური ღონისძიებაა. მისი მიზანია ევროპული გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივ თვითმმართველობებში დამკვიდრება. ასევე, ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სოციალური კავშირების გაუმჯობესება.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), როგორც ევროსაბჭოს კონგრესის პარტნიორი, აღნიშნულ კვირეულს ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას.
Add comment