საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე, რომელიც დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მხარეებმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფის, რეგიონული დემოკრატიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსიტიტუციების განვითარების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
ევროსაბჭოს მონიტორინგის წევრები – სტიუარტ დიქსონი და მიხალის ანგელოპოლუსი, ასევე ევროსაბჭოს მონიტორინგის მდივანი – სტეფანიე პოირელი და დამოუკიდებელი ექსპერტი საბერძნეთიდან – ნიკოლას-კომნინოს ჩლეპასი ქვეყანაში მიმდინარე საკითხებით დაინტერესდნენ და დეტალურად განიხილეს ის თემები, რომლებსაც ქვეყანა ევროპული ქარტიის ვალდებულებების ფარგლებში ახორციელებს.
სტუმრებმა შეკითხვები ასევე, დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის ხედვისა და აღნიშნული დოკუმენტის, როგორც დაგეგმვის, ისე მისი განხოციელების ნაწილში ასოციაციის მონაწილოებაზეც დასვეს.
საქართველოს წარმომადგენლებმა, რომლის შემადგენლობაშიც ევროპის საბჭოს რეგიონთა და ადგილობრივი ხელისუფლების პალატების წევრებთან – ,,ათეა’’-ს ვიცე-პრეზიდენტთან – თამარ ტალიაშვილთან, ბექა დავითულიანთან, ნინო ქავთარაძესთან, ირაკლი ჭეიშვილთან, სევდია უგრეხელიძესთან და დავით ქათამაძესთან ერთად, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლები – ასლან საგანელიძე, გიორგი ღურჯუმელიძე და ირაკლი ნადირაძე შედიოდნენ, საკანონმდებლო დონეზე ბოლო წლებში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებზე და იმ გამოწვევებზეც იმსჯელეს, რომლებიც ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებობს.
სტუმრებმა ქართულ მხარეს დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადეს, რის შემდეგაც მხარეებმა განხილული საკითხები შეაჯამეს.
შეხვედრას, რომელიც სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ,,ათეა“-ს ხელმძღვანელ პირებთან – დავით მელუასთან და ნათია ღვინაშვილთან ერთად, დამოუკიდებელი ექსპერტი დავით ლოსაბერიძე ესწრებოდა.
დღესვე, ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრები მერიაში ,,ათეა“-ს პრეზიდენტს, დედაქალქის მერს – კახა კალაძეს შეხვდნენ, რომელმაც კონგრესთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გამოცდილების გაზიარებას გაუსვა ხაზი.
,,ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული თვითმმართველობის გასაძლიერებლად. თუმცა გასაკეთებელი ამ მიმართულებით კიდევ ბევრია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თვითმმართველობის როლი და ფუნქცია ადგილობრივ დონეზე კიდევ უფრო გამოკვეთილი იყოს და ქალაქიც შესაბამისად განვითარდეს. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით გავიზიაროთ და გავითვალისწინოთ ევროპული გამოცდილება და რეკომენდაციები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია საქართველოს პარლამენტის, სხავადასხვა სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.
Add comment