საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა-კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ მინისტრთან-გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან-ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.
ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მის ძირითად პრინციპებს გაუსვეს ხაზი.
მეტი საქმე, მეტი პასუხისმგებლობა, მეტი რესურსები და ფინანსების გადანაწილება თვითმმართველობებში, ასევე გამჭირვალობა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებსაც აღნიშნული რეფორმა მოიცავს.
დეცენტრალიზაციის სტრატეგია 8 წელზე იქნება გაწერილი და მუშაობის პროცესში უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან ჩართულნი.
დეცენტრალიზაციის მნიშვნელობასთან ერთად ხელისუფლების წარმოამდგენლებმა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის როლზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ,,ათეა“ რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გახდება.
როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.
თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა, ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი პირები, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Add comment