საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის(NALAG) ორგანიზებით, თემაზე-„ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში – ევროპული ქარტიის პრინციპები“ კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) ხელმძღვანელი შომბი შარპი, NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლაურა თორნტონი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის სამართლებრივი და პრაქტიკული მექანიზმების განმტკიცებაზე, ამ მიმართულებით საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობაზე, ასევე რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების როლზე ისაუბრეს.
კონფერენციის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას(NALAG), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) საქართველოს წარმომადგენლობას, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) საქართველოს ოფისსა და „ევროპის ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიისთვის“(ALDA)-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მას ხელი თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა, NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლაურა თორნტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა შომბი შარპმა და „ევროპის „ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელმა ნინო თვალთვაძემ მოაწერეს.
მემორანდუმი ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის გარანტიების გაძლიერების მიზნით ხელმომწერ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა (KS) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის (NALAG) მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ითანამშრომლებენ. ამით ხელი შეეწყობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა შორის პრაქტიკული მექანიზმების განმტკიცებას, ასევე ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისათვის’’ ევროპული ქარტიის პოპულარიზაციას.
ღონისძიების დასასრულს, სახელწოდებით: “ქალები ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში – პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოში” დისკუსიაც გაიმართა. მასში მონაწილეობას, საქართველოში გენდერული საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ.
კონფერენცია ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის (KS) და „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ (NALAG), 2015-2018 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
Add comment