საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და აშშ-ს განვითარების სააგენტოს („USAID“) ორგანიზებით თემაზე – „კლიმატის ცვლილება ადგილობრივ დონეზე – პოლიტიკა და ქმედება“ კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში პროგრამის მონაწილეებმა კლიმატის ცვლილებისადმი მიმართული ადაპტაციის გზამკვლევი წარმოადგინეს, რომელიც, საქართველოს 65 თვითმმართველ ერთეულში სპეციალურად შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა შეიმუშავეს. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას კლიმატის ცვლილებების საკითხებზე. საფრანგეთიდან, სლოვენიიდან და ავსტრიიდან მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას კლიმატის ცვლილების კუთხით გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ განხორციელებული და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა – “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია”, 2012 წლის აპრილში დაიწყო. პროექტის მიზანს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირება წარმოადგენდა.
Add comment