კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015“ თბილისში, 12 დეკემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. კონფერენციის მიზანია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ მუნიციპალიტეტების მიერ დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და გაზიარება, რაც ყველა სფეროში განსხვავებულ და ორიგინალურ მიდგომებს მოიცავს.
სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 10 საუკეთესო პრაქტიკის პრეზენტაცია თავად მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა წარადგინეს. წლევანდელი საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტებია: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, რუსთავის მუნიციპალიტეტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ქ.თელავის მუნიციპალიტეტი, ქუთაისი მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები. საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია. საქართველოში კი ამ სახის ღონისძიება პირველად ტარდება და მას ყოველწლიური ხასიათი მიეცემა.
კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები.
კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით.
Add comment