ქედის მუნიციპალიტეტი გახდა პირველი თვითმმართველი ერთეული აჭარის რეგიონიდან, რომელმაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) ადვოკატირებით ოფიციალურად მოაწერა ხელი ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ 2006 წელს შემუშავებულ „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპულ ქარტიას.
დოკუმენტზე ხელმოწერით ქედის მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ქალთა და კაცთა თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს, მათ შორის შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს, პრიორიტეტებსა და საჭირო რესურსებს თანასწორი გარემოს შესაქმნელად.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში ქარტიაზე ხელმომწერი 32 მუნიციპალიტეტია, თუმცა ინიციატივის მიმართ ინტერესი იზრდება და კიდევ უფრო მეტი თვითმმართველი ერთეული გამოხატავს დოკუმენტზე მიერთების სურვილს.
ქარტიის ადვოკატირება პროექტის – “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ა.თ.ე.ა გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.