ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში, გაიმართა გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) ყოველწლიური ფორუმი, რომელშიც ქართული დელეგაციის წევრები მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო პლატფორმაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ UCLG-ის დელეგაციის წევრი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) დელეგაციის წევრი, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი გიორგი ხუროძე.
ფორუმი ყოველწლიურად აერთიანებს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მიზნად ისახავს გლობალურ და ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებას, თანამედროვე გამოწვევებზე ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბებასა და პარტნიორული ქსელების გაფართოებას.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა არაერთი პლენარული სხდომა და თემატური დისკუსია, სადაც ყურადღება დაეთმო ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებებსა და თანამედროვე ურბანული პოლიტიკის პრიორიტეტებს. მონაწილეებმა განიხილეს სისტემური გამოწვევები, რომლებიც ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების წინაშე დგას სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოში.
ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო სესიებსა და დისკუსიებში, სადაც კოლეგებთან ერთად განიხილეს ეფექტიანი მუნიციპალური მართვის ინსტრუმენტები, მდგრადი ურბანული განვითარების პრაქტიკული მიდგომები და ევროპულ ინსტიტუციურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ფორუმის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ქალების მონაწილეობის გაზრდას, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზაციასა და ქალაქებსა და რეგიონებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებას.
გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) ყოველწლიური ფორუმი დღეს სრულდება.
