16-18 ოქტომბერს, ჩინეთის ქალაქ ქსიანში გაიმართა გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო საბჭოს (UCLG) სხდომა, რომელიც ადგილობრივი განვითარების ინოვაციურ მიდგომებსა და მდგრადი მომავლის ფორმირებაზე მსჯელობას დაეთმო.
ღონისძიებაში ქართული მხრიდან ჩართულნი იყვნენ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) მიერ UCLG-ში წარდგენილი დელეგაციის წევრები, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატი ლევან აბაშიძე.
სხდომის ფარგლებში განხილული იყო ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების როლი გლობალურ განვითარებაში, ფინანსური და ინოვაციური მექანიზმები ურბანული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად, ასევე მზრუნველობითი და თანასწორობაზე ორიენტირებული განვითარების კონცეფცია. დელეგატებმა აქტიურად განიხილეს ადგილობრივი სერვისების მიწოდების მნიშვნელობა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების გზები და ქალაქების მდგრადი ზრდის ახალი მოდელები.
ღონისძიება მოიცავდა სესიებს ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაცვლის შესახებ, რაც საშუალებას აძლევდა ქალაქებს გამოცდილება მიეღოთ სხვადასხვა საერთაშორისო კონტექსტში მიღებული პრაქტიკების შესახებ. გარდა ამისა, დელეგატები ესწრებოდნენ ოფიციალურ პლენარულ სხდომებს, კომიტეტებისა და ფინანსური ჯგუფების შეხვედრებს, ასევე UCLG-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელ სხდომებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ინოვაციური ურბანული განვითარების გამოფენა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცა გაცნობოდნენ ახალ მიდგომებს ქალაქების მდგრადი ტრანსფორმაციისთვის.
გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაცია (UCLG), როგორც ქალაქებისა და ადგილობრივი, რეგიონული და მეტროპოლიტენის მთავრობებისა და მათი ასოციაციების გლობალური ქსელი, იცავს და აძლიერებს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების ხმებს. თანამშრომლობის, დიალოგის და ცოდნის გაზიარების გზით, მსოფლიო ორგანიზაცია, მუშაობს გლობალური რეაგირებისა და მოქმედების წინსვლაზე ძირეული ვალდებულებებისა და შეთანხმებების მეშვეობით, რომლებიც აკავშირებენ საზოგადოებებს ადგილობრივ დონეზე გაძლიერებისთვის.
