მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გაიმართა გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) აღმასრულებელი ბიუროს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს UCLG-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა — იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ.
შეხვედრა 8–10 აპრილს გაიმართა და მასში მსოფლიოდან წარმოდგენილი 300- მდე დელეგატი, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერები და საკრებულოების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები იყვნენ ჩართულნი.
სესიების მთავარი თემები მოიცავდა ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციებსა და მდგრადი ქალაქების ფორმირებას, კლიმატის ცვლილების გავლენას ადგილობრივ დონეზე და ადაპტაციის პოლიტიკის გაძლიერების აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებასა და მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების განვითარებას.
ამასთან, შეხვედრაზე განხილული იყო მუნიციპალური ფინანსების მდგრადობის, რესურსების ეფექტიანი მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესების საკითხები, მათ შორის „ჭკვიანი ქალაქების“ განვითარების მიმართულებები. მონაწილეებმა, ასევე იმსჯელეს სოციალური ინკლუზიის უზრუნველყოფაზე, მუნიციპალური სერვისების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, კრიზისების მართვასა და საგანგებო სიტუაციებში ადგილობრივი ხელისუფლების როლის გაძლიერებაზე.
გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაცია (UCLG), როგორც ქალაქების, ასევე ადგილობრივი, რეგიონული და მეტროპოლიების მთავრობებისა და მათი ასოციაციების გლობალური ქსელი, იცავს და აძლიერებს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ხმებს. ცოდნის გაზიარების გზით, მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს გლობალური რეაგირებისა და მოქმედების წინსვლაზე ძირეული ვალდებულებებისა და შეთანხმებების მეშვეობით, რომლებიც აკავშირებენ და აძლიერებენ საზოგადოებებს ადგილობრივ დონეზე.
