27–28 ოქტომბერს, ქ. ერევანში გაიმართა ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) მე-14 ყოველწლიური შეხვედრა.
ღონისძიებაში საქართველოდან ჩართულნი იყვნენ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) მიერ CORLEAP-ში წარდგენილი დელეგაციის წევრები — თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები – ლევან აბაშიძე და ნინო ვარდოსანიძე, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სანდრო სორდია.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესები, ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების მიმართულებები და ევროკავშირის შავი ზღვის ახალი სტრატეგიის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა CORLEAP-ის 2025–2030 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ჩართულობის გაზრდას საერთო ევროპული პოლიტიკის ფორმირებაში.
ოფიციალური პროგრამა ერევნის მუნიციპალიტეტში ვიზიტსაც მოიცავდა, სადაც მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი მმართველობის მუშაობას, ასევე ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელების პრაქტიკას.
ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია (CORLEAP) არის ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების პოლიტიკური ფორუმი. CORLEAP-ი ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას განიხილოს ქალაქებისა და რეგიონების წვლილი აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებაში.
