28–30 ოქტომბერს სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 49-ე სესია, რომელშიც საქართველოდან მონაწილეობა მიიღეს თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ, ასევე სენაკისა და ოზურგეთის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებმა – სევდია უგრეხელიძემ და თათია ნიკოლაშვილმა.
სესია, რომელიც ევროპის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის 40 წლის იუბილეს მიეძღვნა, შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის მდგომარეობა ევროპაში, ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა, უკრაინაში ომის გავლენა რეგიონებზე, ადგილობრივი არჩევნების დაკვირვების პრაქტიკა, ახალგაზრდების ჩართულობა და გარემოსდაცვითი ინიციატივები.
სხდომაზე კონგრესმა მიიღო რეკომენდაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის სტანდარტების დაცვას და ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივ პროცესებში.
აღსანიშნავია, რომ სესიამდე გაიმართა მონიტორინგის კომიტეტის სხდომა, სადაც ერთ-ერთ საკითხად განიხილეს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის მდგომარეობა, მათ შორის ადგილობრივი არჩევნების გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. აღნიშნულ თემაზე დელეგატებს სიტყვით მიმართა ოთარ გრიგოლიამ.
სესიაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ქართველი დელეგატები სევდია უგრეხელიძე და თათია ნიკოლაშვილი.
