სტრასბურგში, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ოთარ გრიგოლია.
სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილებოდა, დელეგაციის წევრები სიტყვით გამოვიდნენ.
ზურაბ აბაშიძე და ოთარ გრიგოლია კონგრესის ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც საუბარია განმეორებითი არჩევნების ჩატარებასა და ადგილობრივი არჩევნების გადადებაზე.
„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს მოწოდება, რომ საქართველოში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები უგულებელყოფს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ დემოკრატიულ არჩევანს. დემოკრატიული არჩევნების გზით გამოხატული ნება არის ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლება და ეს არ უნდა იყოს განხილვის საგანი. მით უმეტეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. სასურველია, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იხელმძღვანელონ არა აღქმებით, არამედ რეალური ფაქტებით. გთხოვთ, დაუჯეროთ ფაქტებს და არა სუბიექტურ აღქმებს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი გადახედავს თავის დამოკიდებულებას, რის შედეგადაც გაძლიერდება თანასწორი თანამშრომლობა.
ზურაბ აბაშიძემ თავის გამოსვლაში მედიაგარემოს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული მედიასივრცე ნამდვილად მრავალფეროვანი და თავისუფალია. მისივე თქმით, ქვეყანაში მრავალი ოპოზიციური მედია მაუწყებლობს.
ოთარ გრიგოლიამ კი აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნების გადადების რეკომენდაცია სცდება კონგრესის მანდატს და ქვეყნის კონსტიტუციის და სუვერენიტეტის უპატივცემულობაა.
დეპუტატის განცხადებით, საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა ქვეყნის კონსტიტუციით არის განსაზღვრული და იგი დათქმულ ვადაში ჩატარდება. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ლეგიტიმურად არჩეული და არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების უფლება არავის აქვს.
„აქციებზე, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და თქვენ მშვიდობიანს უწოდებთ, მომიტინგეების მხრიდან პიროტექნიკის გამოყენების შედეგად პოლიციელები დაშავდნენ. ამას გარდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საჯარო ინფრასტრუქტურა დააზიანეს. სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სამართალდამცველებსა და საჯარო ინფრასტრუქტურაზე ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა, რამაც საფრთხე შეუქმნა საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას. შესაბამისად, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მიერ ძალადობრივი ჯგუფების „მშვიდობიან დემონსტრანტებად“ მოხსენიებით „- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.