სტრასბურგში, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოდან ჩართულნი არიან ქართული დელეგაციის ხელმძღვანელისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ოთარ გრიგოლია.
საკითხების განხილვამდე დელეგატებმა პირველი ვიცე-თავმჯდომარის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც კომიტეტის წევრებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის შესახებ იმსჯელეს.
დღესვე მოხდა ანგარიშების დამტკიცება ევროპის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის შესრულების შესახებ ლიხტენშტაინში, სან-მარინოში, პოლონეთში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში.
კომიტეტმა ასევე განიხილა სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების მონიტორინგი და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხები.
შეხვედრის მეორე ნახევარში დელეგატები იმსჯელებენ საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.
დღის ბოლოს კი შემუშავდება მონიტორინგის კომიტეტის 2025 წლის სამუშაო გეგმა.