სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარული სესია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოდან ჩართულნი არიან ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე, ასევე თბილისის საკრებულოს წევრი ოთარ გრიგოლია და სენაკის საკრებულოს დეპუტატი სევდია უგრეხელიძე.
სესიის ფარგლებში გიორგი ტყემალაძემ, ზურაბ აბაშიძემ და ოთარ გრიგოლიამ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს და ყურადღება არჩევნების მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე. როგორც ალენ ბერსემ განაცხადა, არჩევნების სტაბილურ გარემოში ჩატარება სანდო და რეალური შედეგის გარანტი იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, სტაბილურ გარემოში, დამკვირვებლების ჩართულობით. ეს მოგვცემს გარანტიას, რომ შედეგები იქნება სანდო და რეალური. შედეგი უნდა იყოს ის, რაც სურს ქართველ ხალხს. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო და ვიცით, რომ მსოფლიო საზოგადოებამ და მათ შორის ევროპულმა ორგანიზაციებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები. მე ნიუ-იორკში მქონდა შეხვედრა საქართველოს ხელისუფლებასთან, იქ ჩვენ შევთანხმდით იმ საერთო ღირებულებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროპის კონტინენტისთვის. ჩვენ გვქონდა კითხვები საქართველოში ბოლო ხანს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები და აღსანიშნავია, რომ პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს. ვთვლით, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარება უნდა შეფასდეს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
პლენარული სესია მოიცავდა დებატებს რუსეთის აგრესიული ომის დროს უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, რის შემდეგაც კენჭი ეყარა დეკლარაციას უკრაინაში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ.
სევდია უგრეხელიძის განცხადებით, თუ უკრაინაში ომი გაგრძელდა, ევროპულმა დემოკრატიამ შეიძლება თანდათან დაიწყოს ჩამოშლა.
,,ესაა უკრაინის ომის გვერდითი ეფექტი, ამიტომ, უკრაინის მუდმივ მხარდაჭერასთან ერთად, აუცილებელია მუდმივი მუშაობა დემოკრატიის დასაცავად“, – აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.
სესიის ფარგლებში დელეგატებმა იმსჯელეს იმ ძირითად გამოწვევებზე, რომლებსაც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლება აწყდება გლობალური გარემოსდაცვითი კრიზისის, გენდერული უთანასწორობის, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე ხელოვნური ინტელექტის გავლენისა და მიგრაციის მიმართულებით.
მონაწილეებმა ასევე განიხილეს მონიტორინგის ანგარიშები ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესრულების შესახებ ფინეთში, ისლანდიაში, ლატვიასა და მალტაში, ასევე 2024 წლის 31 მარტს თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების შესახებ.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარული სესია 15 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.
Add comment