ადგილობრივ დონეზე ქარტიის პრინციპების ეფექტიანად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ორგანიზებით, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპულ ქარტიაზე ახლად მიერთებული მუნიციპალიტეტებისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.
შეხვედრა პროექტის ,, ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო და მასში დუშეთის, დედოფლისწყაროს, დმანისის, ხაშურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე პასუხისმგებელ პირები იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიება გახსნეს ა.თ.ე.ა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.
მანანა(მაცაცო) ნარიმანიძემ ტრენინგი შეაფასა როგორც დიალოგის სივრცე, სადაც ადგილობრივ დონეზე ქალთა და კაცთა თანასწორობის საკითხებზე საერთო ხედვები და გადაწყვეტილებები ყალიბდება. მისი თქმით, მსგავსი ფორმატები არა მხოლოდ აძლიერებს თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობას, არამედ ხელს უწყობს ინკლუზიური ბიუჯეტირების პრაქტიკის ზრდასა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ინიციატივებისა და პროგრამების გაფართოებას.
ნინო რუხაძემ კი, სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქარტიასთან მიმართებით საქართველოს მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტი იყოს წარმოდგენილი CEMR-ის მიერ შექმნილ „ქალთა და კაცთა თანასწორობის ქარტიის ელექტრონულ რუკაზე“, სადაც დოკუმენტზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტები ევროპის მასშტაბით აისახება. ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც დაინტერესდებიან და ქარტიაზე ხელმოწერით დაადასტურებენ ვალდებულებებს, რომლებიც პრაქტიკაში ისედაც უკვე ხორციელდება.
ტრენინგს ექსპერტი მაკო ავალიანი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ქარტიის მიზნები, მისი განხორციელების შვიდი ეტაპი და თემატური მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, სტერეოტიპების შემცირებასა და განათლებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და დასაქმების ხელშეწყობას, ზრუნვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ძალადობის ნიშნით პრევენციასა და შესაბამისი მხარდაჭერის მექანიზმებს, საჯარო სერვისებზე თანაბარ წვდომას, ასევე, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირებას და მონაცემებზე ხელმისაწვდომობას.
განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობას და იმ პრაქტიკულ მიდგომებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებასა და კრიზისებზე საპასუხო ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვისას თანასწორობის პრინციპების ინტეგრირებას გულისხმობს.
ტრენინგი აქტიური ჯგუფური მუშაობით წარიმართა – მონაწილეებმა შეაფასეს საკუთარი მუნიციპალიტეტების საჭიროებები და განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ქარტიის პრინციპების წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმებს.
24-25 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ა.თ.ე.ა-ს წარმომადგენლები- ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლაშა არჩვაძე, პროექტის ,,ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ წამყვანი კონსულტანტი, თამარ ფრანგიშვილი და პროექტის კოორდინატორები გიორგი ისაკაძე და მაია აბაშიძე.