ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის საქმიანობის წარდგენისა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, თბილისში გაიმართა ფორუმი – „ადგილობრივი ძალისხმევა ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობისათვის“
ფართომასშტაბიანი ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის ორგანიზებითა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით მოეწყო.
ფორუმში მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო უწყებებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ნინო წილოსანმა. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისია, ხოლო მუნიციპალიტეტებში — იდენტური საბჭოები ჩამოყალიბდა, უმნიშვნელოვანესია კოორდინაციის გაღრმავება, მათ შორის იმ სიახლეების და ახალი ტენდენციების გაცნობა, რომლითაც მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ საუკეთესო პოლიტიკა ჩამოაყალიბონ ქალთა გაძლიერებისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით.
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა კი, საუბრისას კომისიის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.
ფორუმის პირველ სესიას მოდერაციას უწევდა – საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო რუხაძე.
სიტყვით გამოსვლისას ნინო რუხაძემ ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა რომ აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს მრავალდონიანი დიალოგის წარმოების ეფექტურ შესაძლებლობას ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. მისი შეფასებით მსგავსი ფორმატები ხელს უწყობს მიზნობრივ საკითხებზე ღიად საუბარს და თანამშრომლობას.
სესიის ფარგლებში, ნინო რუხაძემ დუშეთის, ზუგდიდისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა ის წარმატებული პრაქტიკები, რომლებიც ადგილზე ქალთა და ბავშვთა მხარდაჭერის მიმართულებით უკვე ხორციელდება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ა.თ.ე.ა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, მანანა ნარიმანიძემ, ისაუბრა ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების სერვისების განვითარებაზე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგი რევიამ, წარადგინა ქალთა მხარდაჭერისა და ბავშვთა დაცვის მუნიციპალური პროგრამები, ხოლო ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან ნათია შარიქაძემ ყურადღება გაამახვილა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებზე.
ფორუმის მსვლელობისას გაიმართა ტრენინგი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესში ქალთა და ბავშვთა საკითხების გათვალისწინების თაობაზე.
ასევე ტრენინგი მოეწყო UNICEF-ის მხარდაჭერით, საქართველოში ბავშვთა უფლებებზე, სადაც აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
ღონისძიება ჯგუფური სამუშაოთი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა შეიმუშავეს საჭიროებებზე მორგებული პროგრამების წინასწარი დოკუმენტები.
ფორუმში, ასევე მონაწილეობდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, ზურაბ იაშვილმა, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტების ჩართულობით შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.