ასოციაციის სტრატეგიული ხედვის გაძლიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ეფექტიანი პოზიციონირების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა.
სემინარზე მონაწილეები დეტალურად გაეცნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელიც ორიენტირებული იყო გენდერულ თანასწორობაზე და ქალთა გაძლიერებაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების შეფასებაზე, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებასა და რეკომენდაციების შემუშავებაზე.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სსო-ების თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და კარგი პრაქტიკების მაგალითები.
ტრენინგის მეორე ნაწილი, ასოციაციის სტრატეგიის პრინციპებზე მსჯელობას დაეთმო. ათეა-ს წარმომადგენლებმა ექსპერტთან ერთად დოკუმენტის სწორად განსაზღვრის მექანიზმები ჩამოაყალიბეს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მიმართებით ასოციაციის შესაძლებლობები და მოსალოდნელი გამოწვევები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეები სხვა ქვეყნებში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის მოდელებს გაეცნენ და თემატურ ჯგუფურ სამუშაოში ჩაერთნენ.
ტრენინგი პროექტის – “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ათეა გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
Add comment