საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, მუნიციპალიტეტებისთვის სატრენინგო კურსი – ,,ევროკავშირის ფულადი სახსრების ათვისება – სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მაგალითი“ გაიმართა.
ორდღიანი ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსებისა და საერთაშორისო პროექტების მართვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მოეწყო.
სატრენინგო კურსის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.
,,საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება ისეთ საკითხებში, როგორებიცაა, საერთაშორისო ფონდებზე წვდომა, პროექტების წერა და მათი მართვა.
დღევანდელი ტრენინგი მხოლოდ დასაწყისია. ათეა, პარტნიორ ორგანიზაციებთან და მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და საქართველოს ქალაქებისა და თემთა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ხელს შეუწყობს აღნიშნული პრიორიტეტების განხორციელებაში“, – აღნიშნა ნინო რუხაძემ და დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის ახალი თანამშრომელი, მარიამ ჯინჭარაძე წარუდგინა, რომელიც საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე იმუშავებს და მუნიციპალიტეტებს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებთან ერთად, გრანტების მოძიებაში დაეხმარება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, კევინ მაკლოკლინი, რომელმაც ათეა-სა და USAID-ის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და ერთობლივ პროექტში ჩართული მუნიციპალიტეტების მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.
სატრენინგო კურსი, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები, კელმენდ ზაიაზი და ელტონ სტაფა უძღვებოდნენ, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმოხილვით დაიწყო.
სემინარის პირველი დღე ევროინტეგრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და „EU ოფიცრების“ როლზე მსჯელობას, ასევე წარმატებული პროექტების მომზადების ძირითადი ამოცანების გაცნობას დაეთმო.
ტრენინგის მეორე დღეს კი, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა საგრანტო პროექტების ლოგიკური ჩარჩოს მატრიცის ზოგადი დახასიათების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და მისი შედგენის მაგალითებზე იმსჯელეს.
სემინარის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოება, ასევე გაეცნო ზოგადი ბიუჯეტის სტრუქტურისა და სხვადასხვა პროგრამებისთვის წარმოდგენილი ბიუჯეტის ფორმებს.
სესიებს შორის, მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიებში და თემატურ სავარჯიშოებში, რომლებიც პროექტის წერისა და საბიუჯეტო წინადადების შემუშავების მაგალითებს მოიცავდა.
Add comment