პროექტის – „SEEDGUARD: აგრო თესლების მცველები ბიომრავალფეროვნებისთვის, აგრობიომრავალფეროვნებისთვის, ეკოსისტემური სერვისებისთვის და კლიმატის ადაპტაციისთვის“ (BSB00450 SEEDGUARD) ფარგლებში, 14-15 ივლისს რუმინეთში სასწავლო ვიზიტი გაიმართა, რომელშიც აღნიშნული პროექტის კოორდინატორი ნინო ზურაბიშვილი იყო ჩართული.
ღონისძიება რუმინული ასოციაციის გლობალური პროექტის (AGP) ორგანიზებით, ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივ ხელისუფლებათა კავშირთან (UBBSLA), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) და აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოსთან DOKA (თურქეთი) თანამშრომლობით განხორციელდა.
ვიზიტი ონლაინ ფორმატით დაიწყო. მონაწილეებმა Casa Semintelor-ის წარმომადგენლებისგან მოისმინეს თესლების შენახვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია. მოგვიანებით, პროგრამა გაგრძელდა გალაცის ოლქის სოფელ ვანატორის მეურნეობაში, სადაც სტუმრებმა ადგილობრივი ხეხილის ბაღები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ აგრობიომრავალფეროვნების პრაქტიკულ მაგალითებს.
15 ივლისს, მონაწილეები გაემგზავრნენ ბუზაუს მცენარეული გენეტიკური რესურსების ბანკში, რომელიც გამორჩეულია თესლების უნიკალური კოლექციით. სტუმრებმა დაათვალიერეს მემკვიდრეობითი კულტურების ნაკვეთები, გაეცნენ თესლების დაცვასთან დაკავშირებულ თანამედროვე მიდგომებს და აგრობიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პროექტი SEEDGUARD მიზნად ისახავს ბოსტნეულის ტრადიციული ჯიშებისა და სახეობების თესლის დაცვას, აგრობიომრავალფეროვნების, ჯანსაღი საკვების მრავალფეროვნების, სასურსათო უსაფრთხოების და ეკოსისტემური სერვისების გაუმჯობესებას. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის მოდელის დემონსტრირებას – თემის მონაწილეობის საფუძველზე ძველი ტრადიციული ჯიშების თესლის კოლექციების/ბანკების შექმნის გზით.
აღსანიშნავია, რომ პროექტს, რომელიც ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, საქართველოში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ახორციელებს.
#SEEDGUARD