საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) წევრი მუნიციპალიტეტების მერებმა და ა.თ.ე.ა.-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლაშა არჩვაძემ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში.
შეხვედრაში ჩართულნი იყვნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები.
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა, კახაბერ გულედანმა შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო, რომლებიც უახლოეს მომავალში პარლამენტს წარედგინება.
საუბარი შეეხო ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მიმართულებებს, მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემის და განკარგვის, მუნიციპალური ბიუჯეტის, გრანტების მართვის, მშენებლობის ნებართვებისა და ზედამხედველობის საკითხებს.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს რეგიონული განვითარების ფონდებიდან თანხების ეფექტიანი გამოყენების გაუმჯობესების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის განვითარების პროგრამას, რომლის შესახებაც მუნიციპალიტეტების მერებმა საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს.
მსჯელობისას აღინიშნა, რომ აღნიშნულ პროგრამას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სოფლის განვითარების პროცესში, თუმცა საჭიროებს მოდერნიზაციასა და განახლებას, განსაკუთრებით დაფინანსების გაზრდისა და მუნიციპალიტეტების საჭიროებებთან უფრო მჭიდრო შესაბამისობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ თემებზე და სხვა დამატებით მიმართულებებზე, მსგავსი ფორმატის გაფართოებული შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.