საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) ეგიდით მოქმედი მაღალმთიანი რეგიონების მუნიციპალიტეტების თემატური ჯგუფი აგრძელებს საქმიანობას, რომლის მიზანია რეგიონების საჭიროებებისა და გამოწვევების დეტალური განხილვა.
15 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტში, გაიმართა თემატური ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერებს, მათ შორის – ახალციხის, ახმეტის, დუშეთისა და მესტიის წარმომადგენლებს.
შეხვედრა გახსნეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა, და ა.თ.ე.ა.-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას მათ ხაზი გაუსვეს თანამშრომლობისა და საერთო პლატფორმის მნიშვნელობას რეგიონული განვითარების პროცესში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რესურსების უკეთ დაგეგმვისა და საერთო სტრატეგიული მიდგომების ჩამოსაყალიბებლად.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგია, რომლის პრეზენტაციაც წარმოადგინა გიორგი დიდიძემ – საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა. სტრატეგიის წარდგენის შემდეგ გაიმართა ღია დისკუსია, სადაც მონაწილეები აქტიურად განიხილავდნენ მიმდინარე გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს.
მეორე სესია სრულად დაეთმო საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებების განხილვას. შეხვედრის ამ ნაწილში მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა წარადგინეს საკუთარი ხედვები და იმსჯელეს საერთაშორისო პარტნიორობის გზებზე, რაც მათი განმარტებით, ხელს შეუწყობს მაღალმთიანი რეგიონებისთვის დამატებითი რესურსების მოზიდვას.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა აგრეთვე მიმოიხილეს მიმდინარე საკითხები და შეაჯამეს დღის ძირითადი შედეგები.
მაღალმთიანი რეგიონების მუნიციპალიტეტების თემატური ჯგუფის შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ვლადიმერ ბოჟაძე; ა.თ.ე.ა.-ს ვიცე-პრეზიდენტი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი – მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – ლაშა არჩვაძე.