საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, თბილისში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დეტალურად განიხილეს დოკუმენტი და მისი პრიორიტეტები.
პრეზენტაციის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით მიმართეს ათეას წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.
ონის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოქალაქეების მონაწილეობის გაძლიერებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით, მუნიციპალიტეტში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
,, ონის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსში 42-იდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. 2022 წელს, სამოქალაქო ჩართულობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით შეფასდა მუნიციპალიტეტის საჭიროებები, რასაც დაეფუძნა შემდგომი ნაბიჯები: მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართა სამოქალაქო ფორუმი „შეცვალე სცენარი“, რომელსაც 250 მოქალაქე, მათ შორის ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
მიღებული მცირე გრანტის ფარგლებში, პროექტმა, ასევე მოგვცა შესაძლებლობა დაგვეწყო საკონსულტაციო შეხვედრები მოსახლეობასთან. მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში, იმდენად დიდი იყო მოქალაქეთა ჩართულობა, რომ შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. სწორედ მუნიციპალიტეტის თემებში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობით, პირველად შეიქმნა მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგია (2024-2027)“ , – აღნიშნა ლევან შერაზადიშვილმა.
მისივე განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში ინერგება სამოქალაქო ჩართულობის ავსტრიული კარგი პრაქტიკა. ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია თანხა სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების (School PB) პილოტირებისთვის. პარტნიორების ხელშეწყობით, ასევე განხორციელდა მერიის თანამშრომლების გადამზადება და ექსპერტებთან ერთად შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტების საკონტროლო სიები.
ლევან შერაზადაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ევროპის საბჭოს მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ათეამ 2023 წლის საუკეთესო პრაქტიკად დაასახელა.
,,სწორედ სამოქალაქო ჩართულობის კუთხით, 2023 წელს, ონის მუნიციპალიტეტი უკვე მეორედ გახდა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსის გამარჯვებული. მუნიციპალიტეტს, სპეციალური ჯილდო პროექტისთვის – „ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა ონის მუნიციპალიტეტში“ გადაეცა, რომელიც სწორედ ევროპის საბჭოს მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.
მუნიციპალიტეტის სახელით გიხდით მადლობას და გამოვთქვამთ მზაობას, კვლავ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ვინაიდან ეს დოკუმენტი შედეგზეა ორიენტირებული, რასაც ჩემს მიერ წარმოდგენილი მაგალითებიც ადასტურებს “, – აღნიშნა ლევან შერაზადიშვილმა.
სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცებას, ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას. სამოქმედო გეგმა, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებას.
Add comment