,,სამწუხაროა, როდესაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები ანგარიშებში ცალმხრივი პრიზმიდან არის განხილული”, – განაცხადა ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი ქართული დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 48-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
სხდომაზე, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღების შესახებ მსჯელობდნენ, ქართველმა დელეგატმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე გაოცებულია რეზოლუციის ურთიერთგამომრიცხავი შინაარსით.
„მაგალითად, “ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, საარჩევნო პროცესებში უცხოური ჩარევის შესახებ” ანგარიში მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, მიიღონ ზომები შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის შესაჩერებლად, ხოლო ამავე დროს დიდი კრიტიკით მოიხსენიებს საქართველოს მიერ ახლახან მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონსა და FARA-ს, რომლებიც ერთსა და იმავე მიზანს- უცხოური გავლენისაგან სახელმწიფოს ინტერესების დაცვას ემსახურება. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი კოლეგა დელეგატები უნდა აცნობიერებდნენ ასეთი კანონმდებლობის მნიშვნელობას საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული”- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
დელეგაციის ხელმძღვანელი ანგარიშში სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონი არ უარყოფს LGBTI თემის უფლებების დაცვის საკითხს და ნებისმიერი ფორმის ძალადობა და/ან დისკრიმინაცია თემის წევრების მიმართ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.
რაც შეეხება „მაუწყებლობის” შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ცვლილებები განხორციელდა იმისთვის, რომ უზრუნველყოს მედიის მიუკერძოებლობა და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტები. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ამ სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის მიზნით შეიქმნება ინსტიტუციური მექანიზმები.
,,ეს ცვლილებები ეფუძნება ბრიტანულ მოდელს. ჩვენს ინიციატივებში მიზნად ვისახავთ დავამკვიდროთ მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედი სტანდარტები. ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ცვლილებები პასუხობს 2021 წლის არჩევნების შემდეგ კონგრესის დამკვირვებელთა რეკომენდაციებს, რომელიც მიუთითებდა „სიძულვილის ენის” და “დეზინფორმაციის” წინააღმდეგ ზომების მიღებაზე. რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს მაჟორიტარული სისტემის სასარგებლოდ, ეს ცვლილებები გაკეთდა იმისათვის, რომ უზრუნველყოს თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპი, რათა ადგილობრივი მოსახლეობის ხმა უკეთ ისმოდეს წარმომადგენლობით ორგანოებში. ველით თანამშრომლობას კონგრესის სადამკვირვებლო მისიასთან დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების ფარგლებში. კიდევ ერთხელ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ეფუძნება დემოკრატიულ საარჩევნო კანონმდებლობას, როგორც ეს აღიარებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთოს საბოლოო ანგარიშში”- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ თავის გამოსვლაში.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 48-ე სესიაში, რომელიც სტრასბურგში მიმდინარეობს, ასევე ჩართულნი არიან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე – პრეზიდენტი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე, თბილისის, სენაკისა და ოზურგეთის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები – ოთარ გრიგოლია, სევდია უგრეხელიძე და თათია ნიკოლაიშვილი, აგრეთვე, – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის მერიის აპარატის უფროსი ირაკლი ჭინჭარაული.