თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ევროსაბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება – „მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები საქართველოში – ხედვიდან მოქმედებამდე!“ გაიმართა.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების კუთხით მიღწეული შედეგების წარმოჩენა.
შეხვედრის ფორმატი, ასევე იძლეოდა შესაძლებლობას წარმართულიყო დისკუსია და მომხდარიყო ინფორმაციის გაცვლა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მოქალაქეებსა და ექსპერტებს შორის.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ პროგრესს, რომელიც წარმოდგენილი იყო გამოფენის სახით.
გამოფენაზე, რომელიც მოამზადეს პროექტის პარტნიორი ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, წარმოდგენილი იყო წარმატებული შედეგები, მიღებული გამოცდილება და კარგი პრაქტიკის მაგალითები, თუ როგორ ჩართონ მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში და როგორ შეუწყონ ხელი და ეფექტიანად დაიცვან ადამიანის უფლებები.
6 რეგიონულ საინფორმაციო სტენდზე, პროექტში ჩართული 18 საპილოტე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებული მიღწევების შესახებ, ხოლო 3 თემატურ საინფორმაციო სტენდზე წარმოდგენილი იყო მაგალითები, მასალები და ინფორმაცია ახალგაზრდების მონაწილეობის, სამოქალაქო მონაწილეობისა და ადამიანის უფლებების ლოკალიზაციის ინოვაციური ინსტრუმენტებისა და მეთოდების, ასევე, საქართველოში მონაწილეობითი კულტურის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ.
გამოფენაზე წარმოდგენილი მასალის გაცნობამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურმა მდივანმა, მეთიუ მორიმ, ათეას ვიცე-პრეზიდენტმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ასევე, საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, ალექსანდერ კარნერიმ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა და Dean Consulting -ისა და Givitas Georgika-ს თანადამფუძნებლებმა, დიანა ჯანაშიამ და გიორგი მესხიძემ.
მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელსაც ევროპის საბჭოს ექსპერტი, კოკა კიღურაძე უწევდა მოდერაციას, მონაწილეობას იღებდნენ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების პირველი პირები, ევროპის საბჭოს კონგრესისა და სამდივნოს, ასევე ათეას, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის, საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
პროექტი – „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, 2021 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს წარმოადგენდა გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევა, ადგილობრივ მმართველობასა და საზოგადოებაში სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით,
ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.
Add comment