თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ჩავიდნენ.
ევროსაჭბოს დელეგაცისათან ერთად, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი – ნინო რუხაძე და მისი კოლეგები თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან,კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრი, ოთარ გრიგოლია, ლევან აბაშიძე და ვლადიმერ ბოჟაძე, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.
ქართულმა მხარემ სტუმრებს დეტალურად გააცნო ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წარმოებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. ასევე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებზე.
ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა მასპინძლებს ვითარების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადეს და კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერაზე.
კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია თბილისს დღეს დატოვებს.
Add comment