საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 48-ე სესიაზე დელეგატებს სიტყვით მიმართა და საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ევროსაბჭოს კონგრესის ანგარიშშია გაკრიტიკებული.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, კრიტიკა 20-მდე ცვლილებას შეეხო, რომელთა უმრავლესობაც კონგრესთან თანამშრომლობით შეიქმნა. მისივე თქმით, ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს ცვლილებების განხორციელების პროცესის დემოკრატიულობაზე. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთოს საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ “მთლიანობაში, სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის სათანადო საფუძველს ქმნის“.
სესიაზე, გიორგი ტყემალაძემ 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის უმასპინძლოს საერთაშორისო დამკვირვებლებს, როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში.
„როგორც იცით, ისეთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, როგორიც არის ეუთო/ოდირი, დაადასტურა, რომ საპარლამენტო არჩევნები შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. არჩევნებში მმართველმა პარტიამ მიიღო 1.2 მილიონი ხმა და მაღალი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს უმრავლესობის ნების და ხმების უგულებელყოფა. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ჩვენ ველით კონგრესის დამკვირვებელთა მისიის თანამშრომლობას მომავალი ადგილობრივი არჩევნების ფარგლებში. ასევე, ვაპირებთ არჩევნების ელექტრონულად ჩატარებას, რაც აღიარებულია, როგორც ყველაზე საიმედო სისტემა, რომელიც თითქმის გამორიცხავს ხმების გაყალბების და შედეგების მანიპულაციის შესაძლებლობას“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ასოციაციის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდად აფასებს კონგრესთან თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს, თუმცა დასძინა, რომ სამწუხაროა, როდესაც მიკერძოებულ აღქმებზე დაფუძნებული რეზოლუციები საქართველოს მოქალაქეებში ევროპის იმიჯს აზიანებს.
„აღნიშნული რეზოლუცია ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას, რაზეც კონგრესი თავის განცხადებებში წუხდა. როგორც ვნახეთ, არჩევნების წინ, 47-ე სესიაზე მიღებული რეზოლუციის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ მიიღო მაღალი ლეგიტიმაცია და დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რეზოლუცია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. სწორედ, ამიტომ, მოვუწოდებთ თითოეულ დელეგატს, რომ არ დაუჭიროს მხარი რეზოლუციებს, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავი და მიკერძოებულ აღქმებზე დაფუძნებულია“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 48-ე სესიაში, რომელიც სტრასბურგში მიმდინარეობს, ასევე ჩართულნი არიან ევროსაბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე თბილისის, სენაკისა და ოზურგეთის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები – ოთარ გრიგოლია, სევდია უგრეხელიძე და თათია ნიკოლაშვილი, აგრეთვე, – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის მერიის აპარატის უფროსი, ირაკლი ჭინჭარაული.