გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ორგანიზებით მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონფერენციის ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსიები, მათ შორის ერთ-ერთი სესია დაეთმო ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალურ პროგრამებზე მსჯელობას.
პანელურ დისკუსიას მოდერაცია ა.თ.ე.ა-სა და UNICEF-ის კონსულტანტმა, ნინო ზურაბიშვილმა გაუწია.
მთავარი თემა ის სოციალური პროგრამები იყო, რომლებსაც მუნიციპალიტეტები ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების გასაძლიერებლად ახორციელებენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც ა.თ.ე.ა-მ UNICEF-ის მხარდაჭერით შეიმუშავა. ეს ინსტრუმენტები თვითმმართველობებს საჭიროებათა კვლევაში, სერვისების დაგეგმვასა და ბავშვზე მორგებული ბიუჯეტირების პროცესში ეხმარება.
კონფერენციაზე პრეზენტაციით წარსდგა ექსპერტი – შოთა მურღულია, რომელმაც ბავშვთა უფლებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის ანალიზის მეთოდოლოგია მიმოიხილა. აღნიშნული ინსტრუმენტი მუნიციპალიტეტებს აძლევს შესაძლებლობას, ზუსტად გამოავლინონ ბავშვზე ორიენტირებული პროგრამები და ეფექტიანად გაზომონ მათზე მიმართული საბიუჯეტო რესურსები.
საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება და წარმატებული მუნიციპალური პროგრამები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს პანელის მონაწილეებმა: სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ნატალია ხუბუამ ისაუბრა ბავშვთა სამედიცინო სქრინინგის მუნიციპალური პროგრამის განხორციელების გამოცდილებაზე, ნეიროგანვითარების ცენტრის „ფენიქსი – ყაზბეგის“ ხელმძღვანელმა, თამარ შიოლაშვილმა გააზიარა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერის პრაქტიკა, ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, შორენა წაბრიამ წარმოადგინა ფოთის მუნიციპალიტეტის საქმიანობა რეინტეგრირებული და რეინტეგრაციას დაქვემდებარებული ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერების მიმართულებით, ხოლო ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ სოციალური სერვისების სააგენტოს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა, რუსუდან სალუქვაძემ ისაუბრა სოციალურად მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამასა და მიღწეულ შედეგებზე.
დისკუსიისას UNICEF-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ა.თ.ე.ა-ს როლს მუნიციპალიტეტებში ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული პოლიტიკის განვითარებაში. მათი შეფასებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მუნიციპალიტეტების გამოცდილება და გაძლიერდა ადგილობრივი პრაქტიკა ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ამასთან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა შეფასებებში განსაკუთრებით გამოიკვეთა UNICEF-ისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობა, რაც მათი განცხადებით, არსებითად უწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული მიდგომების ეტაპობრივ გაძლიერებასა და საჭიროებაზე მორგებული პროგრამების ეფექტიან განხორციელებას.
