საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ხელშეწყობით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოებისთვის დებულების პროექტი შემუშავდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების დონეზე ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფას.
სამუშაო შეხვედრაში, რომელიც 16-17 ივნისს ა.თ.ე.ა-ს ოფისში მოეწყო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, იურისტები და დარგის ექსპერტები იყვნენ ჩართულნი.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს დებულების ძირითადი მუხლების შინაარსზე, მათ შორის განსაზღვრეს საბჭოს სტრუქტურა, კომპეტენციები და გადაწყვეტილებების მიღების წესი.
როგორც ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ აღნიშნა, დოკუმენტის განხილვის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა აქტიურ მონაწილეობას.
,, მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა მიერ გაზიარებული ადგილობრივი გამოცდილება და პრაქტიკაზე დაფუძნებული ხედვები მნიშვნელოვნად დაგვეხმარა დებულების ძირითადი არსის ჩამოყალიბებაში. განხილვისას გათვალისწინებულ იქნა რეგიონების სოციალური და სამართლებრივი საკითხები, რაც უზრუნველყოფს დოკუმენტის უკეთ შესაბამისობას ადგილობრივი მმართველობის პრაქტიკასთან“, – განაცხადა ნინო რუხაძემ და აღნიშნა, რომ ა.თ.ე.ა გეგმავს პროცესის თანმიმდევრულ მხარდაჭერას, რათა მიღწეულ იქნეს დოკუმენტის წარმატებული დანერგვა და საბჭოების ფუნქციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი – ლელა გოცირიძე და სოციალური სამსახურის უფროსი ჯაბა დვალიძე; გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ბატონისაშვილი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე განყოფილების უფროსი, გოგი რევია და საკრებულოს აპარატის უფროსი ნატა პაპასკირი; თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების თანამშრომელი ნინო ჩიმაკაძე და მერის მრჩეველი ქალთა საკითხებზე ნინო ბურძენიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტიდან კი შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე, ნინო ლიპარტელიანი.
დისკუსიებს მოდერაციას უწევდნენ მოწვეული და ადგილობრივი ექსპერტები მაკო ავალიანი, ნინო ზურაბიშვილი და გიორგი ბატონისაშვილი, რომლებმაც პროცესის შინაარსობრივი მიმართულება უზრუნველყვეს როგორც ქალთა გაძლიერების, ასევე ბავშვთა დაცვის თემატიკაზე მომზადებული დებულების მუხლების განხილვისას.
დოკუმენტის საბოლოო რედაქცია უახლოეს პერიოდში მიეწოდება მუნიციპალიტეტებს. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, მუნიციპალიტეტებზე მორგებული დოკუმენტი გახდება მნიშვნელოვანი ეტაპი ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სისტემის შექმნისა და განვითარებისთვის.