თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა წარადგინა 2024 წლის ანგარიში – ,,საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“.
დოკუმენტის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებების რეალიზაციას ადგილობრივ თვითმმართველობებში.
შეხვედრა გაიმართა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) მხარდაჭერით და მას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიგა ახვლედიანი, ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო რუხაძე და მისი მოადგილე ლაშა არჩვაძე, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში სახალხო დამცველმა წარმოადგინა ანგარიშში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებშიც დეტალურად იყო წარმოდგენილი ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები. მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინება და თანაბარ სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა კვოტირების თემას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
პრეზენტაციის შემდეგ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მიესალმებიან პირდაპირი კომუნიკაციისა და დიალოგის ფორმატს სახალხო დამცველსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის. მათი შეფასებით, ასეთი თანამშრომლობა საშუალებას აძლევს მუნიციპალიტეტებს უკეთ შეძლონ ხარვეზების გამოსწორება და საქმიანობის გაუმჯობესება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს სრული და ობიექტური წარმოდგენა პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე და იმ რეალურ გარემოებებზე, რომლებშიც მუნიციპალიტეტებს უწევთ საქმიანობა.
ორივე მხარემ დაადასტურა ღიაობა და მზადყოფნა თანამშრომლობისთვის, რათა ადამიანის უფლებების დაცვა ადგილობრივ დონეზე ერთობლივი ძალისხმევით ეფექტიანად განხორციელდეს.
შეხვედრაზე ასევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუნიციპალიტეტები სპეციალური ანგარიშების მომზადების ეტაპზევე ჩაერთვებიან პროცესებში, რაც სახალხო დამცველს შესაძლებლობას მისცემს მოისმინოს მათი პოზიციები და უზრუნველყოს, რომ ანგარიშებში არსებული გამოწვევები ობიექტურად და სრულად აისახოს.