საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, 20-22 ივნისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც წყალზე უფლების საკითხებს, კერძოდ, წყლის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გამოწვევების განხილვას, ასევე, ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაზე მსჯელობას დაეთმო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იმ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, სადაც სახალხო დამცველის აპარატმა 2024 წელს წყლის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები და შეფასებები განახორციელა.
შეხვედრის ორგანიზატორებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ვიცე-პრეზიდენტმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მანანა ნარიმანიძემ და ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.
ასოციაციის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის აპარატს შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს და სიტყვით გამოსვლისას პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება .
მანანა ნარიმანიძის განცხადებით, სახალხო დამცველის ანგარიშების მომზადებასა და განხილვაში აუცილებელია თვითმმართველობების აქტიური ჩართულობა. მისი თქმით, პირდაპირი და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაცია საუკეთესო გზაა საჭიროებების, მათ შორის, წყლის მომარაგების პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც მხოლოდ ერთობლივი თანამშრომლობით შეიძლება განხორციელდეს.
ნინო რუხაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყველაზე კარგად იცნობს იმ სირთულეებს, რომლებიც მოქალაქეებისთვის ყოველდღიურ რეალობას წარმოადგენს. მისი თქმით, თვითმმართველობების პირველ პირებს აქვთ მზაობა და ყველაზე ძლიერი მოტივაცია, რომ ეს პრობლემები პრაქტიკულად და პასუხისმგებლობით მოაგვარონ, რაც საჭიროებს მიზანმიმართულ კოორდინაციას და სათანადო მხარდაჭერას.
ასოციაციის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ფორმატები მომავალშიც გაგრძელდება და ხელს შეუწყობს პრიორიტეტული საკითხების სწორად ადვოკატირებას.
შეხვედრის მთავარი ნაწილი მიეძღვნა საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის „წყალზე უფლების რეალიზაცია საქართველოში“ პრეზენტაციას, სადაც წარმოდგენილი იყო 2024 წელს ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებები, მათ შორის წყლის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის პრობლემები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. პრეზენტაციაში განხილული იყო საერთაშორისო სტანდარტები, ეროვნული რეგულაციები და გამოწვევები, ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ საკითხების გადაჭრას.
ღონისძიება დისკუსიის ფორმატით გაგრძელდა სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ღიად ისაუბრეს იმ მიზეზებზე, რომლებიც წყლის სერვისებთან დაკავშირებულ სირთულეებს განსაზღვრავს. თვითმმართველობების პირველმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რიგ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით ვერ გადაიჭრება და საჭიროა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ასევე სხვა პარტნიორებთან კოორდინირებული მოქმედება.
შეხვედრის შეჯამებისას, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დისკუსია მათთვისაც მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო, რადგან მუნიციპალიტეტებისგან მიღებული ინფორმაცია სრული სურათის აღქმასა და პრობლემების ძირეული მიზეზების გამოვლენაში დაეხმარა.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, შემდგომ ეტაპად დაგეგმილია სპეციალური ანგარიშის განხილვა საქართველოს პარლამენტში, სადაც მუნიციპალიტეტებთან ერთად სხვა შესაბამისი უწყებებიც ჩაერთვებიან. მიზანი იმ მექანიზმების განსაზღვრა იქნება, რომლებიც არსებული გამოწვევების ეფექტიან გადაჭრას უზრუნველყოფს.
სამუშაო შეხვედრაში, რომელშიც დუშეთის, გორის, ქარელის, ხაშურის, თეთრიწყაროს, მარნეულის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი დარგის ექსპერტები იყვნენ ჩართულნი, ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – ლაშა არჩვაძე ესწრებოდა.