საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი განაგრძობს რეგიონული ფორმატის სამუშაო შეხვედრებს.
მიმდინარე ეტაპზე შეხვედრა მოეწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომელშიც დასავლეთ საქართველოს ხუთივე რეგიონიდან წარმოდგენილი მუნიციპალიტეტების პირველი პირები იღებდნენ მონაწილეობას.
მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად შეხვედრაში ჩართულნი იყვნენ ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი დირექტორი – ნინო რუხაძე და მისი მოადგილე – ლაშა არჩვაძე.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მუნიციპალიტეტებში არსებული სამართლებრივი გამოწვევების ანალიზი და იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებს სისტემურ მიდგომას და საკანონმდებლო დონეზე რეაგირებას.
დისკუსიების ფარგლებში გამოიკვეთა რიგი საჭიროებები, მათ შორის – ქონების მართვა, ბუნებრივი რესურსების გამოყენება, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში მომსახურების ხელმისაწვდომობა, ასევე მუნიციპალიტეტებში საჯარო სამსახურის სპეციფიკის რეგულირების აუცილებლობა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი გეგმავს დიალოგის გაგრძელებას თემატურად პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში დაფიქსირებული საკითხების სამართლებრივ ჩარჩოში ინტეგრირებას.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა მსგავსი ფორმატის შეხვედრა უკვე გამართა კახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციების შემდეგ, სადაც გამოვლენილი საჭიროებები შესაბამის უწყებებთან წარადგინა. ხაზგასასმელია, რომ შეხვედრისას რამდენიმე საკითხზე გამოითქვა მზადყოფნა – მოხდეს რეაგირება და შესაბამისი კორექტივები გათვალისწინებულ იქნას მოქმედ რეგულაციებში.