საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ რიგით მეშვიდე კონფერენცია გამართა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) დაჯილდოების ცერემონია.
ღონისძიებას ა.თ.ე.ა-ს პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო და კონფერენცის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სახელით, ვმასპინძლობ რიგით მეშვიდე ეროვნულ კონფერენციას და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის დაჯილდოების ცერემონიას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღევანდელ კონფერენციას ვხვდებით უკვე ხელშესახები და თვალსაჩინო შედეგებით, რაც მივიღეთ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის დანერგვით. როგორც იცით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას. პროგრამა უკვე შვიდი წელია მიმდინარეობს და მისით დაინტერესება სულ უფრო იზრდება. იგი ხელს უწყობს, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, სერვისების მიწოდების წარმატებული მაგალითების გამოვლენას და მათ გაზიარებას სხვა მუნიციპალიტეტში. შედეგად, ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს საკმაოდ ინოვაციური და წარმატებული პროექტები, რომელთაგან ბევრი აღიარებულია საუკეთესო პრაქტიკად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა შევჩერდეთ. მომდევნო წლების განმავლობაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ მუნიციპალური სერვისები და მათზე ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ეროვნულ კონფერენციაზე სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათ დუშეთის, ქუთაისის, ფოთის, თეთრიწყაროს, სენაკის, დმანისის, ხარაგაულის, რუსთავის, ონის, ბათუმის, ბაღდათის, ხაშურისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს. ღონისძიებაზე ასევე, დაჯილდოვდნენ თვითმმართველი ერთეულების ის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში. თბილისის მერმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა.