საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა) სოციალური პოლიტიკის საკითხებზე სამი რეგიონული სამუშაო შეხვედრა გამართა – ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. ღონისძიებები ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის პლატფორმების ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების, ცოდნისა და ეფექტიანი პრაქტიკის გაზიარებას ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში.
შეხვედრების სამუშაო ნაწილი დაეთმო რამდენიმე მნიშვნელოვან თემას. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სოციალური სერვისების აღწერის (მეფინგის) მეთოდოლოგია, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების კვლევის ციფრული ინსტრუმენტის დანერგვის შესაძლებლობები, ასევე – განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდების საკითხების მიმოხილვას. მონაწილეებმა იმსჯელეს სერვისის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ჩარჩოზე, ასევე მისი მიწოდების პრაქტიკაზე, არსებულ გამოწვევებსა და ადგილობრივ გამოცდილებაზე.
შეხვედრები მისასალმებელი გამოსვლებით გაიხსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელმა პირებმა — ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ და ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლაშა არჩვაძემ. სამუშაო შეხვედრებს მოდერაციას უწევდა ა.თ.ე.ა-ს ექსპერტი ნინო ზურაბიშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაციები და დეტალურად ისაუბრა თანამედროვე მიდგომებზე ადგილობრივ სოციალურ პოლიტიკაში.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ შესაბამისი რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები – მერების მოადგილეები, სოციალური სამსახურის უფროსები და ბავშვთა უფლებებზე პასუხისმგებელი პირები, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრების მონაწილეებს შორის აქტიური დისკუსია გაიმართა, როგორც თეორიულ საკითხებზე, ისე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების ფორმატში. მცხეთა – მთიანეთისა და ქვემო ქართლის პლატფორმების შეხვედრა დასრულდა ადგილზე ვიზიტით – მუნიციპალიტეტებში მოქმედი სოციალური სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან და დაწესებულებებში, სადაც მონაწილეები უშუალოდ გაეცნენ ადგილობრივ პრაქტიკას.
მონაწილეებმა ასოციაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს შეხვედრის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის. მათი განცხადებით, აღნიშნული პლატფორმით ა.თ.ე.ა-მ შექმნა სივრცე, რომელიც მუნიციპალიტეტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთად ჩამოაყალიბონ ხედვები სოციალური პოლიტიკის საერთო გამოწვევების დასაძლევად.
ასოციაციის ხელმძღვანელების განცხადებით, ა.თ.ე.ა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას რეგიონებში და აქტიურად იმუშავებს ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მხარდაჭერაზე.