საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ,გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან დანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსის რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა, რომლის ფარგლებშიც მოხდა წარმატებული მუნიციპალური პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება.
2025 წლის კონკურსზე წარმატებულ პრაქტიკად 14 პროექტი დასახელდა.
ამჯერად სპეციალური ჯილდოები გადაეცათ ქ. რუსთავის, ხაშურის, სენაკის, ტყიბულის, ქ. ფოთის, ბაღდათის, დმანისის, ზესტაფონის, ყაზბეგისა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს. ღონისძიებაზე, ასევე დაჯილდოვდნენ თვითმმართველი ერთეულების მერიების თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში.
კონფრენცია ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ გახსნა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა პროგრამის რვაწლიან შედეგებზე და აღნიშნა, რომ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კულტურა მუნიციპალიტეტებში სერვისების გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად იქცა. მან ასევე დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო, რაც თვითმმართველობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას ემსახურება.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ა.თ.ე.ა-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ იაშვილმა.
გამომსვლელებმა ერთობლივად გაუსვეს ხაზი ასოციაციის, როგორც თვითმმართველობების ინტერესების მთავარი დამცველისა და გამაერთიანებელი პლატფორმის მნიშვნელობას. გამოსვლებში აღინიშნა, რომ ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციის პროცესში მუნიციპალიტეტების ფინანსური და ინსტიტუციური მხარდაჭერა სახელმწიფოს უცვლელ პრიორიტეტად რჩება, რაც საბოლოო ჯამში მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ემსახურება.
კონფერენციის ფარგლებში, ა.თ.ე.ა-ს ადვოკატირებით ხელი მოეწერა ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას, რომელსაც უკვე ხელმომწერ 32 თვითმმართველ ერთეულთან ერთად, კიდევ 4 მუნიციპალიტეტი – ხარაგაული, ტყიბული, ახალციხე და ხევლაჩაური შეუერთდა.
დღესვე გაიმართა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერის ცერემონია, რა დროსაც ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტების სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა ოფიციალურად დაადასტურეს აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერა.
კონფერენციის დასკვნითი ნაწილი პანელურ დისკუსიებს დაეთმო, სადაც ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ინტერმუნიციპალურ თანამშრომლობასა და ბავშვთა დაცვის პროგრამებზე იმსჯელეს.
ღონისძიებას ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
