საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ა.თ.ე.ა), პროექტის “EcoYOU: ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისათვის” ფარგლებში განაგრძობს გარემოსდაცვით პატრულირებას ხმელეთსა და წყალზე.
აღნიშნული ღონისძიებები ამჯერად სამ ლოკაციაზე — ჭოპორტის ტბასა და ალგეთის წყალსაცავზე, ასევე თბილისის ზღვაზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე განხორციელდა.
პროექტის ინიციატივა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა გარემოს დაცვით აქტივობებში. მათ შესაძლებლობა აქვთ აღმოაჩინონ და შეისწავლონ დაბინძურებული ადგილები, რომლებიც საჭიროებენ დასუფთავებას და ამის შესახებ მონაცემები ატვირთონ სპეციალურად შექმნილ BeECO პორტალზე, GPS კოორდინატების მითითებით — BeECO პორტალი წარმოადგენს საჯარო პლატფორმას და მისი გამოყენება ყველა დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი – https://beeco.actedj.ro/1/home.
წყალზე პატრულირების სრულყოფილად და ეფექტიანად განსახორციელებლად, ა.თ.ე.ა-მ პროექტის ფარგლებში შეიძინა სპეციალური ნავი და კაიაკები, რომლებიც უზრუნველყოფენ გადაადგილებას ტბებზე, მდინარეებსა და ზღვის სანაპირო ზოლში. ეს ტექნიკური მხარდაჭერა პროექტის გუნდს და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს უშუალოდ მოიკვლიონ დაბინძურებული ზონები და წამოიწყონ რეალური ქმედებები მათი დასუფთავებისა და აღდგენის მიზნით.
ანალოგიური ღონისძიებები სამომავლოდ საქართველოს სხვა ტერიტორიებს, ტბებს, მდინარეებსა და წყალსაცავებს მოიცავს.
პროექტი “EcoYOU” ასევე უზრუნველყოფს ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო მოხელეებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის, რათა საერთო რესურსების გამოყენებითა და გამოცდილებების გაზიარებით ეფექტურად გადაწყდეს დაბინძურების პრობლემები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის პროგრამის (Interreg VI-B NEXT Black Sea Basin Programme) ფარგლებში და მოიცავს სამ ქვეყანას — საქართველოს, მოლდოვასა და რუმინეთს.