საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
ასოციაციისა და კომიტეტის ხელმძღვანელებმა სიტყვით გამოსვლისას მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა იქნება გამჭვირვალობის, ურთიერთგაგების და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული.
მემორანდუმის ამოცანებია ადგილობრივი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს შორის დიალოგის ხელშეწყობა, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რაც გააუმჯობესებს დეცენტრალიზაციის პროცესის განვითარებას.
მხარეები ასევე, განიხილავენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკანონმდებლო აქტების აღსრულების ხელშეწყობას, პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიკაციას, არსებული ხარვეზების გამოვლენასა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას.
მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია ა.თ.ე. ა-ს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მეშვიდე ეროვნული კონფერენციის ფარგლებში მოეწყო, სადაც ასევე გაიმართა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოება.
ღონისძიებას რომელიც სასტუმროში ,, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მოეწყო, ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.