საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა) დაიწყო ახალი საერთაშორისო პროექტი BRIGHT – „რეგიონული აქტორების ჩართვა გლობალური თანამეგობრობის მიერ წარმართულ ქმედებებში კლიმატის ადაპტაციისა და მდგრადი ეკოსისტემებისთვის შავი ზღვის რეგიონში“ (BSB00733).
პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი და რეგიონული საჯარო ხელისუფლების როლის გაძლიერებას ბულგარეთში, საქართველოში, მოლდოვასა და თურქეთში, ევროკავშირის გრძელვადიანი ენერგეტიკული და კლიმატური მიზნების მიღწევის ხელშეწყობისთვის.
პროექტი პასუხობს ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, როგორიცაა შეზღუდული ინსტიტუციური შესაძლებლობები, კოორდინაციის ნაკლებობა, დაინტერესებული მხარეების დაბალი ჩართულობა და საუკეთესო პრაქტიკებსა და ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული წვდომა.
BRIGHT ფოკუსირებულია 24 მუნიციპალიტეტზე და ითვალისწინებს 4 საპილოტე ტერიტორიის შერჩევას, სადაც განხორციელდება მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების შემუშავება და დანერგვა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისეთი აქტივობები, როგორიცაა პოლიტიკის ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკების გაცვლა, ციფრული Twinning, ადგილობრივი ფორუმების ორგანიზება, ქმედითი ინსტრუმენტების პაკეტის (Toolbox) შემუშავება, საპილოტე მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ფინანსური რესურსების მოზიდვაზე ტრენინგები და ადგილობრივი რესურსების მობილიზება.
პროექტის დასასრულს გაიმართება დასკვნითი კონფერენცია ვარნაში, ბულგარეთში, სადაც შეჯამდება მიღწეული შედეგები და გაზიარდება საუკეთესო პრაქტიკები შავი ზღვის რეგიონში კლიმატისადმი მედეგობის გაძლიერებისთვის.
პროექტის წამყვანი პარტნიორია ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ხელისუფლებების კავშირი (UBBSLA). პროექტის პარტნიორები არიან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის სააგენტო (ACTIE), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ა.თ.ე.ა.) და აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტო (DOKA).
BRIGHT ხორციელდება (Interreg VI-B) NEXT Black Sea Basin პროგრამის ფარგლებში და ფინანსდება ევროკავშირის მიერ. იგი ხელს უწყობს ადგილობრივი ხელისუფლებების შესაძლებლობების გაძლიერებას, რეგიონულ თანამშრომლობას და კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი პოლიტიკის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში.
