საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ა.თ.ე.ა.) ტრადიციულად აცხადებს ყოველწლიური საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (Best Practice Program) კონკურსს და იწყებს 2025 წლის განაცხადების მიღებას.
BPP კონკურსის მიზანია მუნიციპალიტეტებში ინოვაციური, ეფექტიანი და დემოკრატიული მმართველობის მაგალითების გამოვლენა, კარგი პრაქტიკების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობა და წარმატებული შედეგის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.
2025 წლის კონკურსი მოიცავს 17 თემას:
1. მოქალაქეთა მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობა და მათი ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე.
2. საჯარო ფინანსების და აქტივების მართვის კარგი პრაქტიკა;
3. ადგილობრივ დონეზე საშუალოვადიანი განვითარების დაგეგმვა; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვა;
4. ქალთა და კაცთა თანასწორობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე;
5. სკოლამდელი აღზრდა, სკოლისგარეშე განათლება და ზრდასრულთა განათლების მუნიციპალური პროგრამები;
6. გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობის და კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის ხელშეწყობა;
7. მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დანერგვაში ხელშეწყობა;
8. ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა;
9. მუნიციპალური სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვა, მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა;
10. ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები, ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვზე მავნე ზემოქმედების პრევენცია;
11. ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის, ანტი-დისკრიმინაციისა და ინკლუზიის ხელშეწყობა;
12. კერძო-საჯარო დიალოგი და პარტნიორობა ადგილობირივ დონეზე;
13. საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა და განვითარების პროექტებისთვის საერთაშორისო დაფინანსების მოძიების წარმატებული გამოცდილება;
14. ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა;
15. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ინოვაციური მუნიციპალური სერვისის/პრაქტიკის დანერგვა; მუნიციპალური სერვისების ელექტრონული მოდულების საშუალებით მიწოდების მრავალფეროვნება; ციფრული სერვისების განვითრება;
16. საკრებულოს მაღალი პოლიტიკური კულტურა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოზე ეფექტიანი ზედამხედველობა;
17. საუკეთესო პრაქტიკად აღიარებული პროექტის გაზიარება და თანამშრომლობა მისი დანერგვის ხელშეწყობისთვის.
განაცხადების მიღება მოხდება მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის პორტალის https://www.bestpractice.nala.ge/ საშუალებით.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან შეფასების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, რომელიც დაკომპლექტებულია საჯარო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებისა და შესაბამისი დარგის ექსპერტებისგან. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პროგრამის მმართველი კომიტეტი მიიღებს.
კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ეროვნულ კონფერენციაზე.
2025 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსი ტარდება ა.თ.ე.ა.-ს ორგანიზებით.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებდა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენასა და გაზიარებისთვის.