საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა.) პროექტის „EcoYOU: ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება“ მეოთხე სააგნგარიშო პერიოდში 6 ეკო-პატრულირება განახორციელა. აქტივობები ჩატარდა წალკის, ჟინვალის, ბაზალეთის, ბარეთის, სიონის წყალსაცავებზე და სოფელ სამეფოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
აქციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ეკოსისტემების მდგომარეობის მონიტორინგი, დაბინძურების დოკუმენტირება და შემდგომი მიზნობრივი გარემოსდაცვითი ღონისძიებების ეფექტური დაგეგმვა.
პატრულირებითვის გამოყენებული იყო პროექტის ფარგლებში შეძენილი ნავი და კაიაკები, რამაც გუნდს საშუალება მისცა დეტალურად შეესწავლა სანაპირო ზოლები, ასევე, ტბისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიები.
მონიტორინგის პროცესში გუნდი აფიქსირებდა პლასტმასისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რის შემდეგაც ყველა მონაცემი GPS-კოორდინატებთან ერთად იტვირთებოდა BeECO აპლიკაციის პორტალზე შემდგომი ანალიზისა და საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად. მონაცემთა ატვირთვის პარალელურად ინფორმაცია მიეწოდებოდა მუნიციპალიტეტებს, რაც ხელს უწყობდა გარემოსდაცვით ღონისძიებებზე დროულ რეაგირებას.
აქტივობებში მონაწილეობდნენ ა.თ.ე.ა.-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები, ტატიანა ბოკუჩავა (პროექტის მენეჯერი) და ლაშა არჩვაძე (პროექტის კომუნიკაციების უფროსი), ასევე ასოციაციის წარმომადგენლები, მარიამ ჯინჭარაძე (პროექტის ასისტენტი) და ირაკლი ანდღულაძე. ”EcoYOU” პროექტის წარმომადგენლები პატრულირების პროცესში ახალგაზრდებთან ერთად რეგულარულად აფიქსირებდნენ ეკოსისტემებში არსებულ გამოწვევებს, რაც ხელს უწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებში, ასევე ფართო საზოგადოებაში.
პროექტი “EcoYOU” ასევე უზრუნველყოფს ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო მოხელეებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის, რათა საერთო რესურსების გამოყენებითა და გამოცდილებების გაზიარებით ეფექტურად გადაწყდეს დაბინძურების პრობლემები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის პროგრამის (Interreg VI-B NEXT Black Sea Basin Programme) ფარგლებში და მოიცავს სამ ქვეყანას — საქართველოს, მოლდოვასა და რუმინეთს.
