საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა) პროექტის „EcoYOU: ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისთვის“ ფარგლებში დაასრულა გარემოსდაცვითი პატრულირების განხორციელება ხმელეთსა და წყალზე.
პროექტის განხორციელების პერიოდში საერთო ჯამში ჩატარდა 20 გარემოსდაცვითი პატრულირება, რომლებიც მოიცავდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში – ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში მდებარე ტბებს, წყალსაცავებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებს. პატრულირება განხორციელდა წალკის, ჟინვალის, ბაზალეთის, ბარეთისა და სიონის წყალსაცავებზე, ასევე ჭოპორტისა და ჯანდარის ტბებზე, ალგეთის წყალსაცავსა და თბილისის ზღვაზე. აქტივობები მოიცავდა როგორც წყლის ზედაპირს, ისე სანაპირო ზოლებსა და მიმდებარე არეალებს – მათ შორის სოფელ სამეფოს, სოფელ ციხისძირის (დუშეთის მუნიციპალიტეტი) და სოფელ ჯანდარის (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიებს, ასევე ჯანდარის ტბის რეკრეაციულ ზონას.
პატრულირების პროცესში მონაწილეობდნენ პროექტის გუნდის წევრები — ტატიანა ბოკუჩავა, ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და პროექტის მენეჯერი; ლაშა არჩვაძე, ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და პროექტის კომუნიკაციების უფროსი; მარიამ ჯინჭარაძე, ა.თ.ე.ა-ს საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერი; და ირაკლი ანდღულაძე, ა.თ.ე.ა-ს წარმომადგენელი. მათ ახალგაზრდებთან ერთად უზრუნველყვეს აქტივობების კოორდინაცია, გარემოსდაცვითი მონაცემების შეგროვება და დოკუმენტირება.
აქტივობების განხორციელებისას გამოყენებული იყო პროექტის ფარგლებში შეძენილი სპეციალური ნავი და კაიაკები, რაც შესაძლებელს ხდიდა ეფექტიან გადაადგილებას როგორც ხმელეთზე, ისე წყლის ობიექტებზე. პატრულირების შედეგად გამოვლენილი დაბინძურებული ადგილები — პლასტმასისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სახით — GPS კოორდინატებთან და ფოტო-მასალასთან ერთად აიტვირთა BeECO პორტალზე, ხოლო შესაბამის მუნიციპალიტეტებს მიეწოდა ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის.
პატრულირება EcoYOU პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, ეკომეგობრული ქცევების წახალისებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის პროგრამის (Interreg VI-B NEXT Black Sea Basin Programme) ფარგლებში და მოიცავს სამ ქვეყანას — საქართველოს, მოლდოვასა და რუმინეთს.
